გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ყოფილ თანამშრომლებს დაემშვიდობა და მათ ახალი მინისტრი კახა კახიშვილი წარუდგინა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა მოკლედ შეაჯამა პენიტენციურ სისტემაში მუშაობის პერიოდი, ისაუბრა მის მიერ დაწყებული რეფორმის მთავარ მიღწევებზე და თანამშრომლობისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. როგორც მღებრიშვილმა განაცხადა, არის რამდენიმე მის მიერ ინიცირებული პროექტი, მათ შორის ქალთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების გახსნა, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო, თუმცა დარწმუნებულია, რომ კახა კახიშვილი ამ პროექტებს წარმატებით განახორციელებს.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში რევოლუციური ცვლილებები გატარდა. მან სინანული გამოთქვა, რომ ვერ მოასწრო ელექტრონული მონიტორინგის პროექტის განხორციელება, თუმცა აღნიშნა, რომ ყველაფერი მზადაა და იმედი აქვს, ახალი მინისტრი წარმატებით განახორციელებს. გიორგი მღებრიშვილმა ასევე გაიხსენა დაპირება, რომელიც მან მსჯავრდებულ ქალებს მისცა გრძელვადიან პაემნებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩა მოსაგვარებელი. უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ განზრახული ჰქონდა 18-22 წლამდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობა, რომელსაც ორგანიზებას ახალი მინისტრი გაუწევს.
„მე წარმატებებს ვუსურვებ ბატონ კახის, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მე ამაყი ვარ იმით, რომ ძლიერ გუნდთან ერთად ვმუშაობდი და ჩვენ სისტემაში დავნერგეთ აბსოლუტურად ახალი ევროპული სტანდარტი, რასაც აღიარებს ყველა უცხოელი თუ ქართველი ექსპერტი. მე ჩემს ყოფილ თანამშრომლებს წარმატებას ვუსურვებ და ყოველთვის დავრჩები ამ სამინისტროს გულშემატკივრად.“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
დაწყებული რეფორმების წარმატებით დასრულების პირობა დადო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალმა მინისტრმა კახა კახიშვილმა. მან წინამორბედს მადლობა გადაუხადა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და სერიოზული შანსი, რომ თანამოაზრეებთან ერთად შექმნას ის ქვაკუთხედი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება.
„მთავარია, რომ შევინარჩუნოთ სისტემის სტაბილურობა, მთავარი ამოცანაა მოხდეს იმ გეგმების ბოლომდე შესრულება, რომელიც ჩვენ გვქონდა მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში.“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა და გაწეული სამსახურისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.