არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და განცხადება გაავრცელეს: "გვსურს განვაცხადოთ, რომ ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ მარკირების თემასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილზე რეაგირება სწრაფი იყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას, თუმცა მარკირების ორი თვით გადადება პრობლემას არ ხსნის. ჩვენ მიგვაჩნია, და საერთაშორისო გამოცდილებაც ამ საკითხთან დაკავშირებით გვაჩვენებს, რომ არაალკოჰოლური სასმელების მარკირება, როგორც ასეთი, უნდა გაუქმდეს.
შეშფოთებას იწვევს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურს ამ თემაზე ბიზნესსექტორთან შეხვედრა და თითქოსდა ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ განცხადებას, რადგან არასდროს, მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე მსგავსი რამ არ მოგვითხოვია, რადგან მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნება ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უცხოური კომპანიისთვის გადახდა.“
ფინანსთა სამინისტრომ მეწარმეებს უპასუხა და განაცხადა, რომ ბიზნესმენებთან შესახვედრად ყოველთვის მზად არის: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკაა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ბიზნეს სექტორი. მსგავსი კონსულტაციები და შეხვედრები ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გამართა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან როგორც საჯარო ფორმატში, ისე სამუშაო რეჟიმში.
ფინანსთა სამინისტროს არასდროს, არც ერთ ფორმატში უარი არ უთქვამს კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სამინისტრო დღესაც მზადაა, ასეთ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად და კიდევ ერთხელ, მთავრობის არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად.“ - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.