საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და „ოლიმპიური სოფლის“ ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სამინისტრომ სულ 598 ბინა შეიძინა, ამ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს 298 დევნილი ოჯახი მიიღებს, ხოლო დარჩენილი ბინები 2016 წლის თებერვალსა და ივნისში ორ ეტაპად განაწილდება.
298 ბინიდან, 16-ერთოთახიანია, 116-ოროთახიანი, 82-სამოთახიანი და 84-ოთხოთახიანი.
საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით 13 000-მდე განაცხადი შემოვიდა, აქედან დევნილი ოჯახების ნაწილმა სააპლიკაციო ფორმა რამდენჯერმე შეავსო, ხოლო ოჯახების ნაწილი გაერთიანდა, რის შემდეგაც განაცხადების საერთო რაოდენობამ 10 003 შეადგინა.
ბინების განაწილების კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პროცესი უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, სამინისტრო კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით იწვევს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომლებიც დევნილთა საკითხებზე მუშაობენ. კომისიის მუშაობაში ასევე ჩართული იქნება დევნილთა ყრილობის თავმჯდომარე.
შეხვედრაზე მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალურად განუმარტა რა კრიტერიუმების მიხედვით ხდება თითოეული ქულის მინიჭება.
კომისია ასევე განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე განსახლებას, რომლებიც საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობენ და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
მინისტრმა შეხვედრაზე მენაშენეების პროექტზეც ისაუბრა, სოზარ სუბარის თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში ბინას კიდევ 300-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.