თბილისის ზღვაზე მდებარე „თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს“, სულ მალე, წყალარინების გამართული შიდა ქსელი ექნება. პანსიონატს დახმარებას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” უწევს და ავარიულად ამორტიზებული შიდა საკანალიზაციო კომუნიკაციები, ტექნიკური ნორმების დაცვით, ახლიდან გაჰყავს.
ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატსა და მის ბენეფიციარებს ავარიული, წითელ ხაზებში მოქცეული, საკანალიზაციო ქსელი, რომელიც ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო გაყვანილი, რამდენიმე წელია სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ხანდაზმულთა პანსიონატისთვის შიდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პროექტი უკვე შეიმუშავა. კომპანია დღეიდან ახალი 150 მმ-იანი ქსელის მოწყობის სამუშაოებს შეუდგა, რასაც რამდენიმე დღეში დაასრულებს კიდეც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რაც აქამდე ხანდაზმულთა პანსიონატს გაუმართავი ქსელების გამო ექმნებოდა.