პირველადი ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტად გამოაცხადა. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსთან“ ერთად დაიწყო მუშაობა პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, რომელიც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას და პრევენციული მედიცინის განვითარებას გულისხმობს.
აღნიშნული რეფორმა, მედიკოსებთან და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებთან ერთად, პირდაპირ შეეხებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელთა აზრიც, ამ მხრივ, ასევე საინტერესოა.
პოლიტილოგი და ექსპერტი ვახტანგ მაისაია ჯანდაცვის რეფორმის წარმატებისათვის სამ ძირითად ფაქტორს ასახელებს.
„მე დილეტანტი ვარ ჯანდაცვის საკითხში, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მან უნდა უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებები. გარდა ამისა, ოჯახის ექიმი ურჩევს და ნიშნავს ისეთ მკურნალობას და გამოკვლევებს, რომლიც გაკეთება პაციენტს აზრადაც არ მოუვიდოდა დამოუკიდებლად.
ძალიან კარგი იქნება, თუ ისეთი საყოველთაო დაზღვევა გაკეთდება, როგორიც ბელგიაშია. არ არის აუცილებელი, რომ ყველა მოქალაქე დააფინანსოს სახელმწიფომ. ბელგიაში არის ძალიან კარგი სისტემა. კერძოდ, თუ ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, ან მისი შემოსავალი არის დაბალი, სპეციალურად ასეთი ადამიანებისათვის არის შექმნილი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია. სახელმწიფომ უნდა შექმნას სადაზღვევო კომპანია, საუკეთესო შემთხვევაში ორი ან სამი, რომელიც, ძირითადად ამ კუთხით იმუშავებს. ანუ დაზღვევა შეეხებათ სოციალურად დაუცველებს და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. სწორედ ოჯახის ექიმი, რომელიც ჩათვლის, რომ მის პაციენტს ესაჭიროება ესა თუ ის სამედიცინო მომსახურეობა, მიმართავს ამ სადაზღვევო კომპანიას, რათა დაუფინანსონ მკურნალობა. ანუ, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს კომპლექსურად.
სამი კომპონენტია, რომელიც წარმატებულად აქცევს ჯანდაცვის რეფორმას: პირველი, ეს არის ოჯახის ექიმი. მეორე, უნდა არსებობდეს საყოველთაო დაზღვევა და მესამე, სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი სადაზღვევო კომპანიები. ოცდამეერთე საუკუნეში არ შეიძლება, რომ ადამიანი არ იყოს დაზღვეული. თუ ევროკავშირისკენ მივდივართ, რამდენადაც მე ვიცი, იქ საყოველთაო დაზღვევა არის სავალდებულო“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ვახტანგ მაისაიამ.