პრემიერ-მინისტრმა  პენიტენციური სისტემის მართვის ცენტრი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა პენიტენციური სისტემის მართვის ცენტრი გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში პენიტენციური რეფორმის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული მართვის ცენტრი გახსნა.

პირველად სამინისტროს ისტორიაში ჩამოყალიბდა ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც  უწყებაში სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავებას, სტატისტიკის წარმოებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. შედეგად, მოხდება  რისკების გათვლა  და  სისტემის ინსტიტუციური მეხსიერების ფორმირება.   აღნიშნული მიზნით  მოეწყო თანამედროვე მართვის ცენტრი, რომლის დანიშნულებაც მიმდინარე რეჟიმში სისტემაში არსებული ვითარების  ელექტრონული მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზია, ხოლო კრიზისულ ვითარებაში ოპერატიული შტაბის როლის შესრულებაც ეკისრება.

მინისტრმა მთავრობის ხელმძღვანელს  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი  მართვის ცენტრის ფუნქცია გააცნო და განაცხადა, რომ  პენიტენციური დაწესებულებების კონტროლი სწორედ ამ ცენტრიდან მოხდება. 

გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, რეფორმის პირველი ფაზა  დასრულებულია და ძირეული ცვლილებები  უკვე განხორციელებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, როგორც საქვეუწყებო ორგანიზაცია, ლიკვიდირებულია. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ სისტემა დასავლურ სტანდარტებს მაქსიმალურად დაუახლოვდეს, რაც მსჯავრდებულთა უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციის მაღალ ხარისხს გულისხმობს.

„დაახლოებით ერთი წლის წინ მე ავიღე  პასუხისმგებლობა, რომ სისტემაში ინსტიტუციურ რეფორმას განვახორციელებდი. დღეს  შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ   სისტემური ცვლილებების  პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.

 შეიქმნა ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც უწყების ე.წ. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციას ასრულებს. ჩამოყალიბდა ერთიანი ეფექტური შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც   არსებითად შეამცირებს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლებლობას და გაზრდის  დანაშაულის პრევენციის ხარისხს.

რეფორმის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტონომიურობა წარსულს ჩაბარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  გადავედით  მართვის ერთიან სისტემაზე, სადაც ქმედითია პენიტენციურ დაწესებულებებზე ჩემი, როგორც პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირის, უშუალო კონტროლის ეფექტური მექანიზმი.

 დღეს ყველა  პენიტენციური დაწესებულება სწორედ ამ შენობიდან  იმართება და მოცემული ცენტრიდან მათი 24 საათიანი  მონიტორინგი მიმდინარეობს.“

პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს პენიტენციური რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ  ხელისუფლების ძირითადი მიზანი უკვე შესრულებულია, დაინგრა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე დაფუძნებული სისტემა, რომლის ადგილზეც იქმნება  ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული  მძლავრი ინსტიტუტი.

ირაკლი ღარიბაშვილმა საბადრაგო სამსახურის ახალი ავტომობილებიც დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და მსჯავრდებულთა ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში ცვლილება შევიდა 40 საკანონმდებლო აქტში და  შეიქმნა ერთი ახალი კანონი „ სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“.