საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის თაობაზე კონკურსის მესამე ეტაპი გამოაცხადა. კონკურსის დასრულების ვადად 2015 წლის 3 აგვისტო განისაზღვრა.
დღეს, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვის თემაზე ბრიფინგი გამართა.
გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს 2015-2016 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან მენაშენეების კონკურსისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, 2015 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 10 მილიონი ლარი.
საკონკურსო პირობები მინისტრის ბრძანებით შექმნილმა იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით კერძო პირებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროგრამის განმახორციელებელმა უწყებათაშორისმა საკონკურსო კომისიამ შეიმუშავა.
კომისიის შემადგელობაში შედიან ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, თბილისის მერიის, მენაშენეთა ასოციაციის, საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენის აპარატისა და კონსორციუმის „სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ წარმომადგენლები.
საკონკურსო პირობების თანახმად, მენაშენეების მიერ საცხოვრებელი ფართის ჩაბარების ბოლო ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 1 ოქტომბერი.
საკონკურსო პირობების მიხედვით, მენაშენებისგან შესყიდული საცხოვრებელი ფართი უნდა მდებარეობდეს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ბორჯომი, გორი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, ქუთაისი, წყალტუბო, მარნეული, მცხეთა და ქობულეთი;
საკონკურსო პირობების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამინისტროსა www.mra.gov.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე www.procurement.gov.ge .
2014 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგად, სამინისტრომ მენაშენეებისგან შეისყიდა 224 ბინა თბილისში, 52 ბინა ქუთაისში და 32 ბინა ბორჯომში, სულ ჯამში 308 ბინა.
ქუთაისში, შმიდტის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში დევნილ ოჯახებს 35 ბინა უკვე გადაეცათ, დარჩენილი ბინების გადაცემა წლის ბოლომდე იგეგმება.