N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სილამაზის სალონი გაიხსნა. სადალაქოების ფუნქციონირება, ასევე, დაიწყო N15 და N12 დაწესებულებებში, სადაც ის მსჯავრდებულები დასაქმდნენ, რომლებმაც სტილისტობის შემსწავლელი კურსები წარმატებით გაიარეს. გარდა იმისა, რომ მათ კონკრეტული ხელობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს, ისინი შესაბამის ანაზღაურებასაც იღებენ.
N5, N12 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სტილისტის პროფესიის დამადასტურებელი სერტიფიკატი უკვე 33 მსჯავრდებულს გადაეცა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და განსაკუთრებით, მსჯავრდებულთა დასაქმების კომპონენტს, როგორც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ მიმართულებას.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უკვე ფუნქციონირებს სამკერვალო და მაკარონის საწარმოები. უახლოეს მომავალში პურის საცხობისა და ფეხსაცმლის სამკერვალოს გახსნა იგეგმება.