გრიგოლ გიორგაძემ ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

გრიგოლ გიორგაძემ ქუთაისში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელ ფართს 65 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ქუთაისში, დადიანის ქ. N5-ში მდებარე შენობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება.

რეაბილიტირებულ შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15 - ერთოთახიანია, 10- ოროთახიანი, ხოლო, 40 - სამოთახიანი.  

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დავითი“ აწარმოებს, შენობის რეაბილიტაცია 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

გარდა ამისა, ქუთაისში შერვაშიძის ქუჩაზე 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე  დევნილი ოჯახი მიიღებს. საწყის ეტაპზე შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი, სადაც ბინას 160  ოჯახი მიიღებს (80 ბინა თითოეულ კორპუსში). 

სამინისტრომ მენაშენეებისაგან ქუთაისში 52 ბინა შეისყიდა, საიდანაც 35 დევნილ ოჯახებს უკვე გადაეცათ.