საქართველოს არაალკოჰოლური სასმელების ასოცოაციის წევრებს („აიდიეს ბორჯომი საქართველო”, შპს „კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯია“, სს „წყალი მარგებელი”, სს „ლომისი“ (ნატახტარი), სს „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი), სს „იბერია რეფრეშმენტსი“ (პეპსი), შპს „აქვა გეო”) პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს და სავალდებულო ელექტრონული მარკირების თაობაზე მოსაზრებების და არგუმენტების გასაზიარებლად შეხვედრა სთხოვეს.
მეწარმეები აცხადებენ, რომ მთავრობა გეგმავს 1 სექტემბრიდან მარკირებას დაუქვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები.
საქონლის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო. მეწარმეების და ხელისუფლების კონსულტაციების შედეგად, რეგულაციის ამოქმედება ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე ღიად რჩება და დადებული ხელეკრულება, ფაქტობრივად, კვლავ ძალაშია.
ელექტრონულ მარკირება, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარულმა კომპანიამ SICPA-მ უნდა განახორციელოს, რომელიც გაწეული მომსახურებისთვის მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების ნიშანდებიდან წელიწადში 5 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.
„მიგვაჩნია, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღების და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც.“ - აცხადებენ მეწარმეები.
„ვინაიდან, სახელმწიფოს შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირდაპირი ადრესატები ჩვენ გახლავართ, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრების სურვილია, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ქვეყნის პრემიერმინისტრს გავაცნოთ. გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ მთავრობასთან ერთად, სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობასთან დაკავშირებული ევროკავშირის დირექტივების თანახმად, ჩავერთოთ კანონმდებლობის დახვეწის პროცესში, რომლის შედეგი უნდა იყოს სახელმწიფოს, მეწარმეებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.“ - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.