კონფერენციას - „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები“ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.

კონფერენციას - „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები“ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა.

კონფერენცია ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ დოქტორი ჟან-ელი მალკინი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი, NCDC ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი, ჯულიეტ მორგანი.

კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო „ალიანსის“ მოწვეული ექსპერტების, პროფესორების სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: „C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ -სტრატეგიების ოპტიმიზაცია“ და „ აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი“.

სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა რამდენიმე საკითხს ეძღვნება, მათ შორის, უმთავრესი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესის დასაწყისის მიმდინარეობა და მისი შეფასებაა.

„2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვა ამოქმედდა. ქართული ჯანდაცვა სწორი გზით ვითარდება, თუმცა, არიან კრიტიკოსებიც. ჩვენთვის მთავარია ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ღირებულება, რაც ერთმანეთზეა მიბმული, ხელმისაწვდომობის შემდეგი ნაბიჯი არის ფასზე და ხარისხზე ზრუნვა. მეორე იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფომირება. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნა. ხშირად მოსახლეობა მაღალი კლასის ჯანდაცვასთან ასოცირებს, როცა რეგიონში პირველად ჩატარდება ოპერაცია, რომელიც მანამდე არ ჩატარებულა, ჩვენი ამოცანაა ის, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანს დასჭირდეს ოპერაციის ჩატარება“, - განაცხადა სერგეენკომ.

კონფერენციაზე მოხსენებების გარშემო დისკუსია გაიმართა სამინისტროს და NCDC-ის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის სამკურნალო ცენტრების, შპრიცებისა და ჩანაცვლების პროგრამების პროვაიდერების, პაციენტთა ჯგუფებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ცნობისთვის, 2015 წლის 21 აპრილს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. პროგრამაში უკვე 1000 პაციენტია ჩართული. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობა. ამასთან, ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებული C ჰეპატიტის რეალური მკურალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.

იმუნოდეფიციტის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის გაერო-ს პროგრამამ  2013 წელს დაუკვეთა კვლევა, რომლის მიზანიცაა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანაში მონაცემთა შეგროვება ნემსებისა და შპრიცების პროგრამებისა და ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის ხარჯთეფექტურობისა და ეკონომიკური გათვლების კუთხით.