"ნიკორას" სუპერმარკეტმა ბაზარზე მოქმედ სავაჭრო ქსელებს შორის ჯომარდობის ტრადიციული ტურნირი ჩაატარა

28 ივნისს, ფშავის არაგვზე, ქართულ ბაზარზე მოქმედ სუპერმარკეტებს შორის ჯომარდობაში უკვე ტრადიციად ქცეული შეჯიბრი გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელი გახლდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა „ნიკორასთან“ ერთად, „გუდვილის“, „ორი ნაბიჯის“, „სმარტის“, „ფუდმარტის“, „იოლის“, „კარფურისა“ და „ვეჯინის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. პირველი ადგილი „ვეჯინის“, მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისი თანმიმდევრობით, „იოლისა“ და „სმარტის“ გუნდებმა დაიკავეს. გამარჯვებულებს საჩუქრად სპეციალური თასი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

„ნიკორას“ სუპერმარკეტის თასის გათამაშებას ტრადიციული სახე აქვს და ყოველწლიურად იმართება. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას - პარტნიორ და კონკურენტ ორგანიზაციებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება/გაღრმავებას ისახავს მიზნად.