ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას მოახდენს

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციას მოახდენს

„მსოფლიოში C ჰეპატიტით 180 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ეს გახლავთ21-ე საუკუნის, გლობალური ჯანმრთლეობის უზარმაზარი გამოწვევა. საბედნიეროდ ბოლო 3-4 წელიწადში C ჰეპატიტის მკურნალობაში ახალი გენერაციით სერიოზული გარღვევა მოხდა.  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა რომელიც საქართველოში დაიწყო, ჯანდაცვის თვალსაზრისით უმიშვნელოვანესია.“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პრეპარატი სოფოსბუვირის პირველი პარტია შემოსულია საქართველოში. მეორე შემოვა აგვისტოში, პრეპარატი შემოვა თანდათანობით. წელს განსაზღვრული იყო 5 000 ადამიანის მკურნალობა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ უფრო მეტი იქნება. შემდეგ კი ყოველწლიურად 20-20 ათასი ადამიანის მკურნალობა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე ძალიან დიდი იმედებია. ამიტომაც შემოდის ხმარებაში სიტყვა ელიმინაცია. დღემდე სრულად ელიმინირებულია, ანუ სრულად აღმოფხვრილია მხოლოდ ერთი დაავადება, ეს არის ყვავილი, რომელიც იმართებოდა ვაქცინით. ახლა რიგში დგას პოლიომელიტი, რომელიც მხოლოდ 3 ქვეყანაშია დარჩენილი. ესეც ვაქცინებით მართვადი დავადებაა და იმედია 4-5 წელიწადში აღმოიფხვრება. ჩრდილოეთ ამერიკაში სრულად აღმოფხვრილია წითელა და წითურა. ევროპა 2020 წლამდე ფიქრობს წითურას აღმოფხვრას, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ვაქცინების საშუალებით.

პირველი შემთხვევა ჰეპატიტთან დაკავშირებით, როდესაც ანტივირუსული  პრეპარატით და არა პროფილაქტიკური ვაქცინით, არამედ სამკურნალო პრეპარატით გაჩნდა იმედი ელიმინაციისა. აქედან გამომდინარე ამ პროექტებს აქვს ძალინ დიდი დატვირთვა. საქართველო ამ მხრივ ლიდერ ქვეყნად გამოიკვეთა.

ჩვენ შეიძლება გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაცია მოახდინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.“- განაცხადა გამყრელიძემ.