განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ სასკოლო სახლმძღვანელოებთან დაკავშირებით გაზეთი „კვირის პალიტრა“ საზოგადოებას გადაუმოწმებელ, დაუსაბუთებელ ინფორმაციას აწვდის.
უწყებაში სამწუხაროდ მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ მაშინ, როდესაც ნებისმიერი ინფორმაციის გაცემისთვის სამინისტრო ღია და გახსნილია, ავტორი ეგრეთწოდებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, არ იყენებს დოკუმენტურად დასაბუთებულ ფაქტებს და საზოგადოებას გადაუმოწმებელ, დაუსაბუთბელ ინფორმაციას სთავაზობს, რითაც გამოცემის რეპუტაციას და მის ობიექტურობას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.
"მივყვეთ თანმიმდევრობით: სტატიის თანახმად, რამდენიმე მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ შარშან, მათ შვილებს ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად, იმდენად დაზიანებული წიგნები გადასცეს, რომ მათი გამოყენება შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ავტორიც ერთ-ერთი მშობელია, რომელიც უკმაყოფილოა სკოლის ქმედებით. სამინისტროში მუშაობს სისტემა, რომლის ფარგლებშიც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სკოლების მონიტორინგი. ამასთან, არსებობს სხვადასხვა ფართოდ ცნობილი პროცედურა და საშუალებები, რომლის მეშვეობითაც სამინისტროსათვის ცნობილი ხდება ამა თუ იმ გადაცდომებთან დაკავშირებით. არსებობს ასეთი გადაცდომებისა და სამინისტროს მიერ გადაცდომებზე რეაგირების დამადასტურებელი სტატისტიკა, რომელიც ნათლად მიუთითებს, რომ საზოგადოება ჩვეულებრივ სარგებლობს დადგენილი პროცედურებით, რაც თავისთავად მეტყველებს სისტემის გამართულ მუშაობაზე. მაგალითად 2014 წელს, სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით სამინისტროში სულ 7 ინდივიდუალური განცხადება შემოვიდა და თითოეულ მათგანზე იყო სწრაფი რეაგირება, რის შედეგადაც ყველა საკითხი დროულად მოგვარდა", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სტატიის ავტორის უკმაყოფილებას იწვევს, რომ „ტენდერის შედეგად გამოხატული ლიდერი თურქული კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიის გამარჯვებით ფულის საკმაოდ დიდი ოდენობა ქვეყნიდან გავა“. განათლების სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ ტენდერის შედეგად გამოვლენილ ლიდერზე საუბარი შეუძლებელია, რადგან ტენდერი ჯერ არ დამთავრებულა.
„ცნობისათვის, ტენდერში პრიორიტეტი არავის აქვს მინიჭებული. უკომენტაროდ ვტოვებთ ავტორის „ეკონომიკურ პროგნოზს“. რაც შეეხება ზოგადად, გამოცხადებულ ტენდერს და სატენდერო თანხას, ინტერესის არსებობის შემთხვევაში, პრობლემას არ წარმოადგენდა ჟურნალისტს სამინისტროდან გაფორმებული სატენდერო ღირებულება და თუნდაც პირდაპირი ექსკლუზიური შესყიდვის ხელშეკრულებები გამოეთხოვა. აღნიშნული დოკუმენტაცია სწორედ რომ თანხების ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა და ეს ფაქტორი გამოცემის მხრიდან, სუბიექტურ განცხადებებს მნიშნველოვნად შეამცირებდა. სტატიის თანახმადვე, წელს მოსწავლეებს დიდი რაოდენობით უვარგისი წიგნები დაურიგდებათ და მშობლები იძულებული იქნებიან სანაცვლოდ ახალი შეიძინონ. აღნიშნული განცხადებაც მორიგი სიცრუეა, რადგან ისევე, როგორც 2014-2015 სასწავლო წელს, მოსწაველეებს 2015-2016 სასწავლო წლისთვის ახალი და ქსელში არსებული მაღალი ქულით შეფასებული წიგნები დაურიგდებათ. ავტორი ასევე აცხადებს, რომ გამომცემლობები სახელმძღვანელოების ბეჭდვისგან თავს შეიკავებენ, რადგან უცნობია როგორი მოთხოვნა იქნება და ასკვნის იმასაც, რომ „ეს წიგნები მომავალი წლიდან გამოყენებული აღარ იქნება. დეფიციტი კი ხელს მისცემს წიგნების „შავი ბაზრის“ გააქტიურებას და ფასის ზრდას. მეკობრეები წიგნების ასლების ბეჭდვას შეუდგებიან შესაბამისად, ბაზარზე დაბალი ხარისხის და აღურიცხავი პროდუქცია გამოვა”. მოთხოვნა ცნობილია, რის მიხედვითაც მიმდინარეობს ტენდერი! შესაბამისად ეს ბრალდებაც უსაფუძვლოა. სამინისტრომ ბაზრის კვლევისას ყველა კომპანიას (76 ქართული და 25 უცხოური კომპანია), მათ შორის „კლიოს“ და „დიოგენეს“, გააცნო მოთხოვნები და შესაბამისად, ყველა კომპანიისთვის, ვინც კვლევაში მონაწილეობდა ცნობილია რა რაოდენობის წიგნებზე არსებობს მოთხოვნა. უფრო მეტიც, გამომცემლებთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები წიგნების შესყიდვაზე. აზრს არის მოკლებული განაცხადი მოსალოდნელ დეფიციტზე, რადგან სამინისტრო კი არ ამცირებს წიგნების რაოდენობას არამედ, ცვლის სახელმძღვანელოებს! ხოლო არსებულ სახელმძღვანელოებზე არსებობს საჭირო რეზერვი, მათ შორის მოსწავლეთა მობილობის გათვალისწინებითაც", - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
რაც შეეხება ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი სახელმძღვანელოების შედარებით დიდი რაოდენობით ბეჭდვას, უწყების ინფორმაციით ესეც საჭიროებიდან გამომდინარეობს.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის წიგნები, რომელშიც სრულდება დავალებები. ამიტომ ეს წიგნები განიცდიან უფრო მაღალ ცვეთას. ამავე პრინციპით იბეჭდება რვეულებიც, რომელზედაც ავტორი არ აპელირებს. ასევე, ტყუილია ავტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც „მაკმილანის“ ინგლისურენოვანი წიგნების დაბეჭდვა 5-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი. არსებობს გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლიდანაც მარტივად არის შესაძლებელი სწორი ინფორმაციის დადგენა. დასასრულს, სამინისტრო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უფასო სასკოლო სახლმძღვანელოების პროექტს მსგავსი ინფორმაციებით ჩრდილი ადგება. ეს კი, აზარალებს არა მხოლოდ სახელმწიფოს, შეურაცხყოფს ასიათასობით ოჯახს, რომელთა შვილებიც წიგნებით უზრუნველყოფილნი არიან. ამიტომ, სამინისტრო იმედს იტოვებს, რომ ამ პროექტის შემფასებლები სწორედ ისინი იქნებიან“, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.