გიორგი მღებრიშვილი და თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

გიორგი მღებრიშვილი და თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს შეხვდნენ.  სომხეთის პრეზიდენთან ქართველი მინისტრების შეხვედრას სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში თენგიზ შარმანაშვილი ესწრებოდნენ.

სომხეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოხატა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო და ქართველი ხალხის თანადგომის სურვილი გამოთქვა. სერჟ სარქისიანის განცხადებით, ის, როგორც ქვეყნის პირველი პირი, ყველაფერს გააკეთებს სომხეთ - საქართველოს სამართლებრივი ფორუმის სამომავლო გაფართოებისთვის.

შეხვედრაზე ქართულმა და სომხურმა მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ სომხეთ - საქართველოს სამართლებრივ ფორუმში, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში განხორციელდა.