გიორგი მღებრიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გიორგი მღებრიშვილმა სომხეთ-საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით,  ერევანში გამართულ სომხეთ - საქართველოს სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP)  ფარგლებში განხორციელდა.

ფორუმზე  საჯარო სამსახურსა და პენიტენციურ სისტემაში  გატარებული რეფორმები განიხილეს, მიღწეულ პროგრესზე ინფორმაცია გაცვალეს და გამოცდილების გაზიარების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დაწვრილებით ისაუბრეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სტრუქტურასა და რეფორმებზე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიღწევებსა და განხორციელებულ ცვლილებებზე.

ფორუმის ფარგლებში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი ჟურნალისტების შეკითხვებზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, ასევე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა უპასუხეს. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით,  ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყნის პენიტენციურ სისტემას წაადგება, რაც რეგიონში დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხოების პირობაა. საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დაწყებულ რეფორმაზე, რომელიც დასავლურ პრაქტიკას ეფუძვნება და რომლის მიზანია საბჭოურ მოდელზე დაფუძნებული მართვის სისტემის საბოლოოდ დანგრევა.

აღნიშნულ ფორუმზე ქართულ მხარეს ორი უწყება,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა.