24 ივნისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ერევანში გაემგზავრება, სადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OPG) ფარგლებში გამართულ სომხურ-ქართული სამართლის ფორუმში.
აღნიშნულ ფორუმზე საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების განხილვა, მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ გამოცდილების გაზიარება იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებშივე, გიორგი მღებრიშვილი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ერევანში 26 ივნისს დასრულდება.