GWP თბილისის მოსახლეობას მიმართავს

GWP თბილისის მოსახლეობას მიმართავს

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას მიმართავს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქისთვის მიწოდებული სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. 

დღეს, დღის მანძილზე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია თბილისის ზოგიერთ უბანში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ, კერძოდ, ვაკის რაიონში - მცხეთის ქუჩასა და მთაწმინდის რაიონში - შანიძის ქუჩაზე. დღის განმავლობაში, კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, ორივე ქუჩაზე აიღეს წყლის სინჯები არცერთ შემთხვევაში სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტი არ დადასტურდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალს არ აქვს არანაირი კავშირი მდინარე ვერეს წყალთან, რადგან დედაქალაქი სასმელი წყლით არაგვის ხეობიდან მარაგდება. სასმელი წყალი მრავალჯერად დამუშავება-ფილტრაციას გადის და 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ლაბორატორიის სპეციალისტები დღემდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და თბილისის მასშტაბით წყლის სინჯებს მუდმივად იღებენ. წყლის ხარისხის ლაბორატორიულ კვლევაში, მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.  ამასთან, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, დამატებითი პრევენციის მიზნით, დედაქალაქში სასმელი წყლის ორმაგ დაქლორვასაც ახორციელებს.