ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო. აღწერის პროცესში ჩართულები არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ერთობლივად იქნა შემუშავებული დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის ფორმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებები. ამ მონაცემთა ბაზის ანალიზი მისცემს საშუალებას მთავრობას, განსაზღვროს ზარალის ოდენობა, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს შემუშავებული ოჯახების აღწერის მეთოდოლოგია და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა.
პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და გაგრძელდება ვიდრე ყველა ოჯახი არ გაივლის ამ პროცედურებს.