„საბას“ ლაურეატები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

„საბას“ ლაურეატები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ.

„ხშირად მიფიქრია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანი სიტყვა და რომ ასეთ მძიმე პერიოდებში ჩემს თვალს ხშირად დაკლებია ქართველი მწერლების ერთიანი სოლიდარობა“, - წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სალომე ბენიძე.

„სიამოვნებით გიერთდებით. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავის მხრივ დაიწყო დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები და იქაც შემოგვიერთდით“, - გიორგი კეკელიძე.

„ასეთ დროს მწერლებს, სიტყვის ხალხს ყველაზე მეტად მოგვეთხოვება შევქნათ ახალი საძირკველი ახალი და სწორი გზების ასაშენებლად.. ჩვენი წიგნების გაყიდვებიდან შემოსული თუნდაც სიმბოლური თანხა დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე მნიშვნელოვანი“, -თეონა დოლენჯაშვილი

„ჩემი კოლეგები თავიანთი წიგნების ჰონორარს, თავიანთი ხელფასის ნაწილს დაზარალებულთა ფონდში რიცხავენ. ამით ჩემ მიერ გადარიცხულ თანხასაც მეტი აზრი ეძლევა და, ციფრებთან ერთად, იზრდება ერთიანობის განცდა და ენერგია“, - ეკატერინე ტოგონიძე.

„გამომცემლობას მოველაპარაკები და მზად ვარ ჩემი ორივე წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხო”, - ტორესა მოსი.

„მე და ჩემი მეგობრები მოხალისეებში ჩავეწერეთ და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. არჩილ ქიქოძემ სტიქიის ღამეს რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა. მართალია, ჩვენი ჰონორარები მცირედია, მაგრამ ყველამ თუნდაც ეს მცირედი მაინც რომ გაიღოს, ერთად უკვე ბევრი გამოვა“, - გაგა ნახუცრიშვილი.

„ამ ადამიანებს მერეც დასჭირდებათ დახმარება... მე გავაკეთე ავტომატური გადარიცხვა თიბისის ანგარიშზე, ამ ანგარიშზე ჩემი შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება ყოველთვის, ერთი წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია განგრძობითი დახმარება. ასე მგონია“, - დიანა ანფიმიადი.