ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ ახალდაბის მოსახლეობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
გუშინდელი სტიქიის შედეგად სოფელ ახალდაბას სერიოზული ზიანი მიადგა. ბეთანიის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა სავალი გზა და სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვაცოფმა კი დაანგრია და დატბორა სახლები. ერთი სახლი და სოფლის მაღაზია საერთოდ ღვარცოფმა წაიღო. უამრავი სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება.
პირველი წუთებიდანვე მოხდა ვერტმფრენებით ბავშვების და ავადმყოფების ევაკუაცია. მათზე მზრუნველობა კი ვაკის გამგეობამ ითავა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დღის განმავლობაში რამდენიმე რეისი განხორციელდა და მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები მიაწოდეს.
ამ დროისთვის მოსახლეობა სასმელი წყლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფილია, თუმცა მოსახლეობა სასწრაფო წესით გზების, ელექტროენერგიის და წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს.
ვიცეპრემიერმა მოსახლეობას მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, ხვალიდან სოფელ ახალდაბის ბავშვები წყნეთის სამთავრობო რეზიდეციაში განთავსდებიან ვიდრე სტიქიის შედეგები ბოლომდე არ აღმოიფხვრება.