სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

დევნილი ოჯახებისათვის კახეთის რეგიონში  სამინისტრომ 14 საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით შეისყიდა.   აქედან, ახმეტის რაიონში მდებარეობს 1 სახლი, თელავის რაიონში 3, ყვარელის რაიონში 2, გურჯაანის რაიონში 5, ხოლო სიღნაღის რაიონში, 3  დევნილი ოჯახია განსახლებული.

სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული სახლები, დევნილმა ოჯახებმა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. ბენეფიციარების მიერ შერჩეული სახლები, სამინისტრომ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეისყიდა. 

გალის რაიონიდან დევნილი დარეჯან ქობალია, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად,  თელავის რაიონის სოფელ შალაურაში, სამინისტროს მიერ შესყიდულ სახლში ცხოვრობს.  როგორც ქალბატონი დარეჯანი იხსენებს,  2014 წლამდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, რის გამოც  არაერთი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოუხდა.    დარეჯან ქობალია მე-2 ჯგუფის ინვალიდია და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო დევნილის შემწეობაა.   კერძო სახლთან ერთად, სამინისტომ დარეჯან ქობალიას ოჯახისთვის 2000მ2 მიწის ნაკვეთიც შეისყიდა, რაც მათთვის დამატებით საარსებო წყაროს წარმოადგენს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სახლის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა 526 დევნილ ოჯახს, აქედან 226  ოჯახი უკვე შესახლებულია სამინისტროს მიერ შეძენილ სახლებში.