სამეგრელოში „ეროვნულების“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც მოძრაობის დამფუძნებლებმა მომხრეებს სიტყვით მიმართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის დამფუძნებლების განცხადებით, „ეროვნულები“ მოღვაწეობას ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობით გეგმავს. შეხვედრას როგორც ეროვნული მოძრაობის წევრები, ისე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მოძრაობა აპოლიტიკურია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ „ეროვნულების“ და „ქართული ოცნების“ შეხედულებების დიდი ნაწილი იდენტურია და ისინი ერთად გააგრძელებენ ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას.
„ჩვენი და „ეროვნულების“ შეხედულებები იდენტურია, ამიტომ რა თქმა უნდა, საერთო მტრის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ, რომელსაც უნდა „ენა, მამული, სარწმუნოება“ წაგვართვას", - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ლაშა გვასალიამ.
მოძრაობა „ეროვნულების“ რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნებას, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძეც დაესწრო. მისი თქმით მოძრაობამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები გააერთიანა, რომლებიც „ეროვნული მოძრაობიდან“ ერთად მოდიან
"ორგანიზაცაი აპოლიტიკურია, რაიმე პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია. „ეროვნულები“ ჩაატარებენ საქველმოქმედო ღონისძიებებს და სამოქალაქო მიმართულებით იქნებიან აქტიურები", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ყრილობის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა აქცია-მსვლელობით ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გადაინაცვლეს, რომელიც მათ გვირგვინით შეამკეს.