საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სამინისტროს მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი სიღნაღის რაიონის სოფლებს - ტიბაანსა და ვაქირს, გურჯაანის რაიონის სოფელ - კარდენახს და თელავის რაიონის სოფელ - გულგულას ეწვია.
სამინისტრომ, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, კახეთის რეგიონში 25 სახლი შეისყიდა, ხოლო 2 სახლი შეძენილ იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.
მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სტიქიით დაზარელებული ოჯახებისათვის 52 სახლია შესყიდული. გარდა ამისა, 2012 წლიდან დღემდე უსაფრთხო გარემოში განსახლდა 69 ეკომიგრანტი ოჯახი.