,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა გორში 17 საათზე დასრულდა. შიდა ქართლის სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ჩამოყვანილი პირების უმრავლესობა საჯარო სკოლების პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები იყვნენ. მათ შეკრება 13 საათიდან დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პედაგოგებს ვერავინ დაემუქრება დაჭერით.
“რამდენიც არ უნდა იძახონ ამ ადამიანებმა, რომ ხალხი ავტობუსებით დაგვყავს აქეთ-იქით, მინდა გითხრათ, რომ დღეს მთელი დღე დავფრინავ ვერტმფრენით. ჯერ-ჯერობით 200 ათასი ადამიანის ვერტმფრენებით გადაყვანის ტექნოლოგია არავის შეუმუშავებია მსოფლიოში და რეალურად მე ხომ ვიცი, რომ აქ გორელები, კასპელები, ხაშურლები და მთელი ქართლია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
„გორის სახელი ყველამ გაიგო. 2008 წელს, სამწუხაროდ, ეს სახელი მთელ მსოფლიოს ვასწავლეთ იმ უბედურების გამო, რომელიც თავს დაგვატყდა. ახლა ჩემი ამბიციაა, რომ გორი მთელ მსოფლიოს ვასწავლოთ არა როგორც მსხვერპლისა და ნგრევის სიმბოლო, არამედ ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის სიმბოლო – სიმბოლო აღმშენებლობის, სიმბოლო ახალი საქართველოსი – ამაყი, წელგამართული, თანამედროვე, ევროპული და წარმატებული ქვეყნის. ამას ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ,,ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ მაჟორიტად კანდიდატებს მიაქცია. ,,ოცნებობ, რომ ეს კაცი გაიყვანო ქართლელების ხელით პარლამენტში, როცა კენჭს აყრევინებ ადამიანს, ვინც უჩივლა საქართველოს, რომ ქართველებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულებები თურმე რუსების წინააღმდეგ. თურმე ჩვენ კი არ გვბომბავდნენ, ჩვენი სახლები კი არ დაანგრიეს და ჩვენი ხალხი კი არ დახოცეს, თურმე ეს ჩვენ გავაკეთეთ და ასეთი ადამიანები მოიწევენ ახლა ხელისუფლებაში. კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც ქართული დროშის ქვეშ არ გამოვიდა პეკინის ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ მძინარე ცხინვალი გააღვიძეს ქართველებმაო. ახლა იყრის კენჭს და უნდა თქვენი მეშვეობით მოვიდეს პარლამენტში” – დაასკვნა სააკაშვილმა.