დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამინისტროსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსს“( Global Alliance for Health and Social Compact- GAHSC ) შორის აპრილში დადებული შეთახმების ჩარჩოებში, ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსთან“, გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. აღნიშნული შეთანხმების მიზანია: ჯანდაცვის სისტემის მართვის ინოვაციური პროგრამის შემუშავება; საქართველოს ჯანდაცვის სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა; ასევე, გარანტირებულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ყველას ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ამ ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებით შეიქმნა პროექტის მმართველი საჭო. იგი პარიტეტულ საწყისებზე სამინისტროსა და ალიანსის 6-6 წევრისგან დაკომპლექტდა. საბჭოს წევრები სამინისტროს მხრიდან გახდნენ: მინისტრის მოადგილე და საბჭოს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია; მინისტრის მოადგილეები - ზაზა სოფრომაძე და გაიოზ თალაკვაძე; სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების ხელმძღვანელები - გია თვალავაძე და თენგიზ აბაზაძე. ალიანსის მხრიდან საბჭოს წევრები არიან: GAHSC-ის პრეზიდენტი, საბჭოს თანათავმჯდომარე, დოქტორი ჟან-ელი მალკინი; GAHSC-ის პროგრამის დირექტორი, ქ-ნი ანა ასეიევა-აუთვეითი ; GAHSC-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი რუფათ იანსუპოვი; GAHSC-ის სტრატეგიული განვითარების მრჩეველი. დოქტორი იური სუბოტინი; GAHSC-ის მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის ფინანსირების საკითხებში. ბ-ნი ფრანკ დროინი; GAHSC-ის მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის რეგულირების საკითხებში, ქ-ნი კაროლინ მასკრეტი.
საბჭოს პირველმა სხდომამ რიგი საორგანიზაციო და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებიც მიიღო, მათ შორის, საბჭოს აღმასრულებელ მდივანად არჩეულ იქნა ლაშა ზაალიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დამტკიცდა საბჭოს და საბჭოს წევრების სამუშაო გეგმა და დღის წესრიგი. „პროექტის რეალიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, დავადგინეთ საკვანძო საკითხები. დაკომპლექტდა ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ჯანდაცვის ცალკეულ სეგმენტებზე დაკონცენტრირდებიან. საერთაშორისო პროექტის წარმატებული რეალიზებისათვის, შეთანხმდა ანალიტიკური ანგარიშების მომზადების ვადებიც,“ - აღნიშნა მან.