დედამიწას ლუდი ატრიალებს ანუ ფაქტები მსოფლიოს გარშემო

დედამიწას ლუდი ატრიალებს ანუ ფაქტები მსოფლიოს გარშემო

ლუდი - ეს დამეგობრების, მხიარულებისა და თავგადასავლების უებარი და თან უგემრიელესი საშუალებაა. სწორედ ამიტომ ამ ალოჰოლურ სასმელს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი ამ პოსტში ბევრ უცნაურობას გაიგებთ ლუდის შესახებ. მთავარია, რომ ყველა მათგანი რეალურად არსებული ფაქტია!

ყველაფერი შუმერეთიდან დაიწყო. დიახ, სწორედ ამ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ ლუდის პირველი რეცეპტის შექმნას, რომელიც უკვე 4000 წელს ითვლის.

შუმერებს არ ჩამორჩნენ ეგვიპტელებიც, რომლებიც პირამიდებზე მომუშავეებს დღეში დაახლოებით 4 ლიტრ ლუდს „უხდიდნენ“. საერთოდაც, ლუდი ეგვიპტეში ერთგვარი ეროვნული ვალუტა იყო.

ამ ტენდენციას დღემდე მისდევენ ამსტერდამში, სადაც ალკოჰოლიკებს ქუჩების დასუფთავებისთვის, ფულად კომპენსაციასთან ერთად, დღეში 5 ქილა ლუდს „უხდიან“.

ფინეთიც აქვეა: „ცოლების ზიდვის მსოფლიო ჩემპიონატში“ გამარჯვებულ ქმარს თავისი მეუღლის წონის იდენტური რაოდენობის ლუდით აჯილოდებენ.

შუა საუკუნეებში ლუდს წყალზე მეტად მოიხმარდნენ, ვინაიდან წყალი იმ დროს მრავალი დაავადების მატარებელი იყო, ლუდში შემავალი ალკოჰოლი კი სითხეს უსაფრთხოს ხდიდა.

აი, ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ლუდს ისე ეტრფიალებოდა, რომ საკუთარი ლუდსახარშიც კი ჰქონდა მაუნტ ვერნონში.

არგენტინელები უფრო შორს წავიდნენ: აქ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი ლუდის ბრენდები აქვთ.

წარმოიდგინეთ, 1814 წელს, რა ამბავი ატყდებოდა ლონდონში, როცა ლუდის ვეებერთელა კასრი გასკდა და 1400 ლიტრი ეს ღვთაებრივი სითხე ქალაქის ქუჩებში მიმოიფანტა. ამრიგად, ყველაზე გემრიელი „ცუნამიც“ ლუდს უკავშირდება.

როგორც ამტკიცებენ, ლუდის ზომიერი მოხმარება ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებასა და მეხსიერების შეფერხებას.

ცნობისთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში მსოფლიოს მოსახლეობის 0,7% ნასვამ მდგომარეობაშია, ასე რომ, ახლა, როცა ამ პოსტს კითხულობთ, იცოდეთ რომ 50 მილიონი ადამიანი თავს ძააააააალიან კარგად გრძნობს. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ასეთ მდგომარეობაში საჭესთან არ უნდა დაჯდეთ. 

სხვათა შორის, უპრიანია, ლუდისმოყვარულებმა ვიცოდეთ ჩვენი სისუსტეების შესახებ: ცენოსილიკაფობია ცარიელი ლუდის ჭიქის შიშს ნიშნავს. ამიტომ, როგორც კი სასმისს გამოვცლით, დაუყოვნებლივ უნდა ავავსოთ.

ბელგიაში კი 1970 წლამდე სკოლებში დაბალალკოჰოლიანი შემცველობის ლუდის (table beer) მოხმარება დაშვებული იყო.

თუკი 61 ან მეტ ქილა ლუდს დალევთ, თქვენ, შესაძლოა, ნაბახუსევის რეკორდი მოხსნათ. ყველაზე ხანგრძლივი ნაბახუსევი კი 4 კვირას გაგრძელდა, ვინაიდან ერთმა შოტლანდიელმა 60 ქილა ლუდი გამოცალა.

რახან რეკორდებზე ვსაუბრობთ, აქვე გეტყვით, რომ ყველაზე დიდი დოზით ალკოჰოლის კონცენტრაცია ლუდში დაფიქსირებულია 67,5% და ყოჩაღ მას, ვინც ასეთ ლუდს სხვამს.

ლუდის სიყვარულით, ადამიანების გარდა, ლოქორები გამოირჩევიან, თურმე.

აფრიკაში ლუდი ძალიან უყვართ, მაგრამ აბა სად არის ამდენი ქერის ალაო და სვია? ამიტომ იქ ბანანისგან დამზადებულ ლუდსაც შეხვდებით.

აი, ასეთი სიჭრელით გამოირჩევა მსოფლიოს ეს ნომერ პირველი სასმელი, რომელიც ათასწლეულებია, კაცობრიობის გაკეთილშობილებაზე ზრუნავს. დაბოლოს, მე მევლუდი ქაფიანიძე გახლავართ, კავკასიის ლუდის შვილი, და ძალიან გამიხარდება, თუკი ჩემი ჩანაწერებიდან მინიმუმ ერთ საინტერესო სიახლეს მაინც გაიგებთ. შემოიხედეთ ხოლმე.