უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ გამოცხადდა.
„აფხაზეთის“ დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და შოთა რეხვიაშვილმა.
მემორიალთან საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„ჩვენ ვუერთდებით, უწმინდესისა და უნეტარესის მიერ დაარსებულ დღეს აფხაზეთობას, ჩვენი უწყებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენი ყოველდღიური საზრუნავია ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც საომარი ვითარების გამო დატოვეს თავიანთი სახლ-კარი, თავიანთი კუთხე. პირველ რიგში ჩვენ მოვედით იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას შესწირეს სიცოცხლე“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.