მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს უპასუხა

მინისტრის პირველმა მოადგილემ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს უპასუხა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში მითითებულ ფაქტებზე და რეკომენდაციებზე სამინისტროს პოზიცია წარადგინა.

გრიგოლ გიორგაძემ მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველის აპარატს გაწეული საქმიანობისთვის. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც სახალხო დამცველმა 2014 წლის ანგარიშში წარადგინა.

სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელიც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ მიმართულებით 2014 წელს სამინისტროს სერიოზული სამუშაოები აქვს ჩატარებული. კერძოდ: პირველ მარტს ძალაში შევიდა“ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი;  კანონის ძალაში შესვლის დღიდან, გაიზარდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა. ცვლილებები შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის №320 ბრძანებაში, რომელიც აწესებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებს. 2014 წელს მომზადდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთათვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის სტრატეგია“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. „სოფლად სახლი“ - ს პროექტის ფარგლებში 400 დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით მასშტაბური მშენებლობები დაიწყო, კერძოდ: ქუთაისში 2000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის, ზუგდიდში 2460 ოჯახისთვის 34 თორმეტსართულიანი კორპუსის და გორში 480 ოჯახისთვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

სამინისტრომ 2014 წელს სხვადასხვა ნგრევადი ობიექტებიდან გაიყვანა 150 დევნილი ოჯახი, ხოლო 2015 წელს მთლიანად დაიხურა  16 ობიექტი, საიდანაც გადაყვანილ იქნა 148 ოჯახი, ხოლო სხვადასხვა ნგრევადი ობიექტებიდან  კი  82 ოჯახი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დევნილთა უფლებების სისტემური დარღვევები სახალხო დამცველის აპარატს, მონიტორინგის შედეგად არ გამოუვლენია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ ყველა იმ ძირითად სიახლეებზე, რაც სამინისტრომ საანგარიშო პერიოდში განახორციელა, მათ შორის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეკომიგრანტი ოჯახის უშუალო ჩართულობა სახლის მოძიების პროცესში.

2014 წელს სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით 39 სახლი შეიძინა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

გრიგოლ გიორგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცენტული მაჩვენებლები.

დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს გაწეული საქმიანობისათვის, ყველა იმ რეკომენდაციებისთვის, რომელიც დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისამართით იყო გამოთქმული. აღნიშნა, რომ სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს და მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან.