გარე განათების ბოძების სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზე. „სინათლის ქალაქმა“ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მდებარე 150-მდე სანათი ბოძი შეღება.
სამუშაოების მიმდინარეობას, მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე აკვირდებოდნენ „სინათლის ქალაქის“ დირექტორი ვასილ ხორავა და მისი მოადგილეები, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელი სანდრო ჯანჯღავა.
შეგახსენებთ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში „სინათლის ქალაქი“ თბილისში არსებული გარე განათების ბოძების შეღებვას ახორციელებს. ამ დროისთვის სამღებრო სამუშაოები უკვე დასრულებულია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეროპორტის გზაზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასა და ჭავჭავაძის გამზირზე. სულ, თბილისის მასშტაბით, 3 000 სანათი ბოძი შეიღებება.