სოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს   შეხვდება

სოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია   აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან,   მოლაპარაკების გამართვის   მიზნით, სტამბოლში გაემგზავრნენ.

საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით,  2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის. დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან  7 შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას წინ უძღოდა  სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც 10-ზე მეტი სამარხი იქნა იდენტიფიცირებული. 

მოლაპარაკების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე  არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების  მონაწილეობით განხორციელდა  ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.  იდენტიფიცირების მიზნით,  30 ნეშტი  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ამ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია 9 ნეშტი.  ვასიკო  წიკლაური, ნუკრი წიკლაური, თემურ ზალდასტანიშვილი,  ზურაბ ზალდასტანიშვილი, გიორგი  ჩარგეიშვილი,  მალხაზ ფირანიშვილი,    ზურაბ  მელიშიანი, რუსუდან  ჩხეტიანი  და   კახა  აბულიძე  დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები 25 მაისს დასრულდება.