"მცხეთის წყალი" სემეკ-ის სატარიფო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"მცხეთის წყალი" სემეკ-ის მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს არ ეთანხმება, რადგან კომისიამ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატარიფო ცვლილება მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

"სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს "მცხეთის წყლის" მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფი 1 მ3 სასმელი წყლის მიწოდება-გატარებისთვის 0,10 ლარიდან-0.204 ლარამდე გაეზარდათ, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 0.295 ლარისა. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ფიქსირებული სულადობრივი გადასახადი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 3.50 ლარისა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სემეკ-მა "მცხეთის წყლის" ტარიფების დადგენისას, არ გამოიყენა კანონით ("ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ", თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება არ გაითვალისწინა.

"ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ტარიფის ცვლილების ვალდებულება. შპს "მცხეთის წყლისა" და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელი კომპანია არის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი არასაფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელმაც წამოიწყო საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. სემეკ-ის გადაწყვეტილება აფერხებს ამ მნიშვნელოვან პროცესს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თავის მხრივ, აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას გეგმავს.