სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 1 აპრილს წარდგენილ ანგარიშს და უჩა ნანუაშვილის მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე განმარტებებს აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უკანასკნელი წლების მანძილზე შეძლო დაენგრია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე დამყარებული სისტემა და გარდაექმნა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად. ეს თვალსაჩინო შედეგი უკვე აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა დასავლური სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს პოზიცია ცალსახაა, რომ როგორც სისტემის თანამშრომლების, ისე მსჯავრდებულების თუ ბრალდებულების მხრიდან ნებისმიერი გადაცდომისა და კანონდარღვევის მიმართ მიდგომა მკაცრი და შეურიგებელია, რასაც ადასტურებს უკანასკნელი ფაქტიც, როცა მსჯავდებულების მიერ პატიმარზე ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა N17 დაწესებულების დირექტორი. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 6 მსჯავრდებულის მიმართ. ამდენად, სამინისტრო ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირებს მყისიერად და უკომპრომისოდ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დეტალურად სწავლობენ როგორც მედიის, სახალხო დამცველის, უფლებადამცველებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა განცხადებას, წინადადებას თუ რეკომენდაციებს, ისე თავად მსჯავრდებულების განცხადებებს. კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში უწყების რეაგირება არის ადეკვატური და ექვემდებარება კანონით დადგენილ წესებს.
საგულისხმოა, რომ 2012 წლიდან დღემდე დისციპლინური წესით დაისაჯა სისტემის 404 თანამშრომელი, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლდა - 117. ყველა კანონდარღვევაზე დაიწყო გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით ან უშუალოდ პროკურატურის მიერ.
თუმცა, მოგეხსენებათ, ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა მსჯავრდებულები, თუ ბრალდებულები თავიანთი არალეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმართავენ სხვადასხვა სიმულაციებსა თუ პროვოკაციებს, ეს იქნება შიმშილობები, თვითდაზიანებები, წერილები თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებისთვის მიცემული ახსნა-განმარტებები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არაერთხელ გაუკეთებია განმარტება და მიუთითებია კონკრეტული საქმეებიც, როდესაც ბრალდებული ან მსჯავრდებული მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების ან სარეჟიმო პირობების დარღვევით გარკვეული პრივილეგიების მინიჭების მიზნით მანიპულირებდა საზოგადოებრივი აზრით და ცდილობდა ამ გზით მოეხდინა გავლენა ადმინისტრაციისა და გამოძიების გადაწყვეტილებებზე.
ბუნებრივია, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა აღმოფხვრა დიდ საბიუჯეტო თანხებთანაა დაკავშირებული და მათი მყისიერი მოგვარება შეუძლებელია. თუმცა ჩვენ ამ მიმართულებით გეგმაზომიერად, ეტაპობრივად გაორმაგებული ძალისხმევით ვმუშაობთ. ამის მაგალითია №6 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად, დასრულებულია და რომლის შედეგად მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხოების სტანდარტი საგრძნობლად გაუმჯობესდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის №3 დაწესებულებას, დაბალი რისკის დაწესებულებად გარდაიქმნა №16 დაწესებულება, რომელიც მთლიანად დასავლურ სტანდარტებზეა მორგებული და უახლოეს მომავალში ამოქმედდება; სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა ტუბერკულოზის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი; რეაბილიტაციის შემდეგ ამოქმედდა ლიცენზირებული თნამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო. დაიხურა ყველა ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულის განთავსება არაადამიანურ მოპყრობას უტოლდებოდა. გაუქმდა ე.წ. „ფუქსები“ და „კარანტინი“ და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო დახმარების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასების, კრიზისის მართვის, სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებები. ასევე, საყურადღებოა, რომ რეგიონში განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი - გაიხსნა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელიც მთლიანად მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება №7 დაწესებულებას, ის მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვისაა განკუთვნილი და სწორედ ასეთი კატეგორიის პატიმრებისთვის შენდება ლაითურის ციხე, რომელიც დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა. მაშინ როდესაც, მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის შეიქმნება დასავლურ სტანდარტებზე მორგებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შესაძლებელია დადგეს N7 დაწესებულების გაუქმების საკითხიც.
ასევე, გვსურს, შევეხოთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეო მეთვალყურეობის რეგულირების საკითხს, რომელიც დღემდე სამართლებრივ ჩარჩოში არ იყო მოქცეული. თუმცა, სამინისტროს ძალიან კარგად აქვს გააზრებული აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა, რომლის მიზანს მონიტორინგის შედეგად შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება და უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება წარმოადგენს. ჩვენმა უწყებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვიზუალური მეთვალყურეობის რეგულაციების შემუშავების მიმართულებით, იმისთვის რომ, უახლოეს მომავალში სრულიად აღმოიფხვრას ნებისმიერი ვარაუდი ან სპეკულაციები მოცემულ საკითხთან მიმართებაში. მოგახსენებთ, რომ ვიზუალურ და ელექტრო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით მომზადებულია მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც დეტალურად დაარეგულირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეო და ელექტრო მეთვალყურეობის საკითხებს.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მოთხოვნას, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებისთვის დაწესებულებებში ფოტო გადაღებების დაშვების თაობაზე, ეს საკითხი უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილება და კონკრეტული შედეგი დამოკიდებულია საკანონმდებლო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემულ საკითხზე წინასწარი კონსულტაციები უკვე გავლილია სახალხო დამცველთანაც.
ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყურადღებით ეკიდება უწყების მიმართ გამოთქმულ ყველა რეკომენდაციას და აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს დასავლურ სტანდარტებს. ამის ნათელი მაგალითია, მინისტრის მიერ ინიცირებული ინსტიტუციური რეფორმის პროექტი, რომლის საკანონმდებლო პაკეტი უკვე საპარლამენტო განხილვის საგანია.