"სახელმწიფო კომპენსირებას გაუკეთებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ" – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ინიციატივას, ტენდერებში მონაწილე კომპანიების უმრავლესობა დადებითად აფასებს. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში კომპანიებს მიეცემათ შეუფერხებელი საქმიანობის საშუალება და მეორე მხრივ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეებზე შეუფერხებლად განხორციელდება.
საბა კონსტრაქშენი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან თარგამაძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ქვეყანაში სავალუტო კრიზისი ნეგატიურად აისახება ბიზნესზე, მათ შორის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე. მიზეზი მარტივია – ძვირდება იმპორტირებული საქონელი, ძვირდება მუშახელი, ეროვნული ვალუტით განსაზღვრული ძველი ფასებით ისინი ვეღარ შეძლებენ არსებული პროექტების დასრულებას, რაც კომპანიების ფინანსური ზარალის რისკს გამოიწვევს.
როგორც თარგამაძე აღნიშნავს, ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის კომპენსირებასთან დაკავშირებით, თავისი მნიშვნელობით გადაფარა ლარის დევალვაციით გამოწვეული აჟიოტაჟი.
კვირიკაშვილის განცხადების მხიედვით, კომპენსირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო სატენდერო პროექტებს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება გათვალისწინებული კომპენსირებისთვის. წინასწარი შეფასებით, დევალვაციის ეფექტი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შესყიდვების ათ პროცენტს.