საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამინისტროს თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა (N002-2015) გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას. გრანტები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის იურიდიული დახმარების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსების მიზნით გაიცემა.
პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის იურიდიული დახმარების გაწევა და მიგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მხრიდან საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლის ალბათობის შემცირებას. საგრანტო პროგრამა მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არასამთავრობო სექტორის განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობის კუთხითაც.
საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა www.mra.gov.ge და სამინისტროს Facebook გვერდზე.