გამოიყენე შენი ძალა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად - „დედამიწის საათის“ მეცხრე რაუნდი მსოფლიოში - 2015 წლის 28 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 20:30-21:30-მდე აღინიშნა. საქართველო ამ აქციას 7 წლის წინ შეუერთდა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოციალური ქსელების მეშვეობით ინტერაქტიული ვიდეო „საქართველო - 2065 წელი“ ვრცელდებოდა, რომელიც მომხმარებლებს კლიმატის ცვლილებების სავალალო შედეგებზე „მომავლიდან“ მოუთხრობდა. ვიდეო იხილა 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, თუ ჯერ არ გინახავთ ეწვიეთ საიტს: http://2065.life/ მიიღეთ თქვენი გზავნილი მომავლიდან და ვიდეოს გაზიარებით სიმბოლურად შევცვალოთ კლიმატის ცვლილება. ვიდეოს ბოლოში არსებული რჩევების გათვალისწინება კი მოგვცემს რეალური საფრთხეების თავიდან აცილების შესაძლებლობას.
„დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, თბილისის „მრგვალ ბაღში“ ჯგუფი „ყველა“-ს კონცერტი გაიმართა, მოძრაობის თეატრის მსახიობებმა კი აქციის მონაწილეებისთვის „ცეცხლოვანი შოუ“ წარმოადგინეს. მთელი ღონისძიების განმავლობაში ბაღში სანთლებით აწყობილი „დედამიწის საათის“ ლოგო - 60+ ენთო.
ღონისძიების ფარგლებში თბილისში ერთი საათი განმავლობაში შუქები ჩაქრეს - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გარეგანათება გამორთეს საქართველოს პარლამენტის შენობაში, ქალაქის მუნიციპალურ შენობებში – მერიასა და საკრებულოში. ასევე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, „მშვიდობის ხიდზე”, ნარიყალას ციხე–სიმაგრეზე, ძველი თბილისის შენობებში; რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებში, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის მონუმენტზე.
„დედამიწის საათის“ მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ტრადიციისამებრ, ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნების ყველა ცნობილი ღირსშესანიშნაობები ერთი საათით ბნელდება, რაც "დედამიწის საათის" აქციისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), WWF და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF).
ღონისძიებას დაესწრო: ნილს სკოტი, გაეროს ელჩი საქართველოში; მაია ბითაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე; ნინო ხატისკაცი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი სანადირაძე, WWF კავკასიის რეგიონული დირექტორი; და თეა ბარბაქაძე, CNF წარმომადგენელი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალიეები.
„დედამიწის საათის“ მხარდამჭერები პარტნიორები: თბილისის მერია, ეკოხედვა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
კრეატიული იდეის ავტორი და შემსრულებელი: სარეკლამო სააგენტო ბეთერფლაი.
მედია მხარდაჭერა: ჯეპრა, რუსთავი 2, რადიო საქართველო, აუთდორი, პალიტრა მედია, ჯორჯია თუდეი, ტაბულა, CBW, iPress.ge, BPI, Marketer.ge, ჟურნალი "თბილისელები".
კამპანია "ერთი საათის“ ფარგლებს უკვე გასცდა და მიზნად გარემოს დაცვის ელემენტარული დისციპლინის ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.