სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების N 17 დაწესებულების ახალგარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საექიმო-სამედიცინო პუნქტი გახსნა, რომელიც დაწესებულების მსჯავრდებულებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას გაუწევს.
კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც ფუნქციურ საწოლებს, კარდიომონიტორებს, ჟანგბადის კონცენტრატორს, ფიზიო და ელექტროფორეზის აპარატებს აერთიანებს, მსჯავრდებულებისთვის დროულ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს და შეამცირებს რეფერალის აუცილებლობას.
პუნქტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და აღჭურვილია მათთვის საჭირო ინვენტარით. დაწესებულების სამედიცინო პუნქტის აფთიაქში 500 დასახელების მედიკამენტია.
როგორც მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, „ყველა ეს ნაბიჯი და საერთოდ, სამინისტროს მუშაობა მიმართულია პატიმრების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, რადგან, პრიორიტეტული, სწორედ, ჯანმრთელი და რეაბილიტირებული პატიმარია“ .
დღესვე N 17 დაწესებულებაში პატიმართა პრევენციული გამოკვლევები ჩატარდა, რომელიც ,,ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ და ორგანიზაცია ,,ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი“-ს მხარდაჭერით უსასყიდლოდ განხორციელდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სამედიცინო-პრევენციული კვლევების ჩატარებას სისტემატურად სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გეგმავს.
დაწესებულებაში ვიზიტისას მინისტრი პატიმრებს შეხვდა და მათი პრობლემებით დაინტერესდა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გიორგი მღებრიშვილს მის მიერ დაწერილი მაცხოვრის ხატი გადასცა.