თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, გლდანის რაიონის გამგებელ ბესიკ ქარცივაძესთან, მოადგილე გიორგი თულაშვილთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, გლდანის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი შეამოწმეს. გლდანის მე-6 მ/რ-ში, ქერჩის ქუჩა N 1-ში, გმირ კურსანტთა ქუჩის, იპოლიტოვ-ივანოვისა და კაჭარავას ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე საგზაო-სარემონტო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება. აგრეთვე დაათვალიერეს 209-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამცავი რკინა-ბეტონის მოაჯირის ზღუდეების კეთილმოწყობის მშენებლობის პროცესი. მოინახულეს გლდანის მე-6 მ/რ-ში სკვერი და სოფელ გლდანში მდებარე გრიგოლ ხვთისმეტყველის სახელობის ტაძრისა და ცენტრალური ქუჩის დამაკავშირებელი კიბეები, რომელთა სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ქალაქის მერიის წარმომადგენლებს გლდანის რაიონის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების სამომავლო გეგმები გააცნო.