ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ჯერ თანათავმჯდომარე და შემდეგ თავმჯდომარე გახდეს

ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ჯერ თანათავმჯდომარე და შემდეგ თავმჯდომარე გახდეს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის გიორგი კლდიაშვილის შეფასებით, ღია მმართველობის ინდექსში საქართველომ მოწინავე პოზიციებზე ყოფნა მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე დაიმსახურა. მისივე თქმით, საქართველოს ამ მხრივ სერიოზული ამბიციები აქვს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ ინდექსს მომდევნო წლებში გააუმჯობესებს. 

„ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის ჯერ თანათავმჯდომარე და შემდეგ თავმჯდომარე გახდეს. ამ პოზიციაზე ჩვენ უკვე კენჭს წელს ვიყრით. OGP-ის განვითარებაში საქართველოს პარლამენტიც აქტიურად ერთვება, ანუ ღია მმართველობა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა ვართ, არამარტო მეზობელი და რეგიონის ქვეყნებისადმი, არამედ მთლიანად მსოფლიოსადმი. თუ OGP თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო განვითარებული დემოკრატიების მიერ, განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებისთვის გარკვეული მაგალითის მიმცემი, ჩვენ რეალურად დავამტკიცეთ, რომ ბევრი რამ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ გადასაღები. შესაბამისად ამ თვალსაზრისით დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წინ წავალთ და ამაზე სერიოზულად ვმუშაობთ, როგორც იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან, რათა ღია მმართველობის მაჩვენებელი კიდევ უფრო განვავითაროთ და ის გამოწვევა, რომელიც ამ კვლევამაც დაადასტურა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება“, - განაცხადა კლდიაშვილმა.

მისივე თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველო უკვე მმართველი კომიტეტის წევრია და ღია მმართველოს პარტნიორობის ფარგლებში მიღწევების გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა 2015 წლის ივნისში საქართველოში რეგიონული კონფერენციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. 

„საქართველო OGP-ის ფარგლებში აქტიურად 2012 წლიდან მონაწილეობს. ჩვენი ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორის ლიდერია და ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ღია მმართველობის ხარისხი, უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკვე დღემდე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ 102 სახელმწიფოს შორის ლიდერის ადგილი დავიმსახურეთ“, - აღნიშნა კლდიაშვილმა. 

რაც შეეხება კვლევას, რომელიც 2014 წელს ჩატარდა და რომლის შედეგადაც საქართველო, ღია მმართველობის ინდექსით მსოფლიოში იტალიასთან 28-29-ე ადგილებს ინაწილებს, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ღია მმართველობის ინდექსი გამოქვეყნდა.

„შეფასება სხვადასხვა კომპონენტებით მოხდა, კერძოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო დაწესებულებების მიერ, მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა. მაგალითად, ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, თუმცა ყველაზე პრობლემურ საკითხად ქვეყანაში მოქალაქეთა ცნობიერება რჩება. კონკრეტულად ინფორმირებულობა მათ უფლებაზე, რომ ჰქონდეთ წვდომა საჯარო ინფორმაციაზე, ამ მხრივ თუ საშუალო მაჩვენებელი 40-ია, საქართველოს შემთხვევაში ეს ციფრი 26-ს შეადგენს და ეს ერთადერთი გამოწვევაა“, - განაცხადა IDFI-ის ხელმძღვანელმა.