ღია მმართველობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ღია მმართველობის 2015 წლის საერთაშორისო ინდექსით საქართველომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 102 ქვეყანას შორის 29 ადგილზეა.

საქართველომ ღია მმართველობის თვალსაზრისით ისეთ ევროპულ ქვეყნებს გადაუსწრო როგორიცაა სლოვენია, მაკედონია, ხორვატია და საბერძნეთი.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება (0.70 - მსოფლიოში მე-16 ადგილი) მეორე კომპონენტში  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება  მიიღო და იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთაც ამ კატეგორიაში უმაღლესი შეფასებები აქვთ.

„მსოფლიო სამართლის პროექტის“ (World Justice Project) 2015 წლის საერთაშორისო ინდექსის (Open Government Index), შემუშავებაში ჩართული იყო ბევრი ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი,საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი.

მთავრობის ღიაობა ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობითაა შეფასებული:

სამართლებრივი აქტებისა და სამთავრობო მონაცემების გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა- ასახავს რამდენად ხელმისაწვდომია კანონები, საჯარო ინფორმაცია დახელისუფლების შესახებ სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - ითვალისწინებს რამდენად დროულად და სრულყოფილად პასუხობს ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს, აფასებსინფორმაციის მოთხოვნის უფლების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონეს და საჯარო ინფორმაციის მოსაკრებელის შესაბამისობას.

სამოქალაქო მონაწილეობა/ჩართულობა - ზომავს მოქალაქეთა შესაძლებლობას გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის, მოაწყონ მშვიდობიანი დემონსტრაციები, შეაფასონმთავრობის პოლიტიკა, ხელი მოაწერონ პეტიციას და გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები მთავრობის საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, ეს კომპონენტი ითვალისწინებს მოქალაქეებისმიერ ხელისუფლებასთან უკუკავშირის დამყარების მექანიზმების არსებობას.

გასაჩივრების მექანიზმები - აფასებს რამდენად შეუძლია საზოგადოებას საკუთარი უკმაყოფილება გამოხატოს საჯარო მოხელეების საქმიანობისა და სერვისების ხარისხის შესახებ. ასევე, გათვალისწინებულია, ხელისუფლების მხრიდან რამდენად ხდება მსგავს განაცხადებებზე რეაგირება.

IDFI ულოცავს საქართველოს ამ შედეგს და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით ღია მმართველობის შეფასების ინდექსი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

http://worldjusticeproject.org/open-government-index