ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა პატიმარ ქალებს  უმღერა

ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა პატიმარ ქალებს უმღერა

ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტი ოლემიკ ტომესენი სასჯელაღსრულების N 5 დაწესებულებაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ნორვეგიელმა სტუმრებმა ქალთა  დაწესებულებაში ოსლოს დაიშმანის მუნიციპალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მოწყობილი ბიბლიოთეკა  მოინახულეს. ოლემიკ ტომესენი დაწესებულებაში მისთვის საგანგებოდ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.

როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემა უკვე წლებია ნორვეგიის სამეფოს მთავრობასთან თანამშრომლობს.

„მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაიზარება, რომელიც ნორვეგიას სასჯელაღსრულების სისტემის მართვის კუთხით გააჩნია. ის ცნობილია თავისი ლიბერალური და დემოკრატიული პენიტენციური  სისტემით, მას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია განვითარებული ქვეყნების სასჯელაღსრულების სისტემებს შორის. მაშინ, როდესაც ჩვენი სამინისტრო ინსტიტუციურ რეფორმას ახორციელებს,  დროულია მსგავსი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. მინდა, მადლობა გადავუხადო ნორვეგიის მთავრობას გაწეული თანადგომისთვის. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოსლოს  მუნიციპალურ ბიბლიოთეკას იმისთვის,  რომ ამ დაწესებულებაში მაღალი სტანდარტების ბიბლიოთეკის შექმნაში დაგვეხმარა.  იმედს გამოვთქვამ, რომ თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალშიც გაგრძელდება,“-აღნიშნა გიორგი მღებრიშილმა.

კონცერტის დასასრულს ნორვეგიის პარლამენტის პრეზიდენტმა ქალბატონებს  მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ნორვეგიული ხალხური სიმღერა შეასრულა, რომელიც  მსჯავრდებულ და ბრალდებულ  ქალებს მიუძღვნა.

ოლემიკ ტომესენმა საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

 „ეს ბიბლიოთეკა ნორვეგიის მხარდაჭერით მოეწყო. მე დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა მომავალში უფრო გაძლიერდება.  ამ წელს ნორვეგია თავის დაფინანსებას საქართველოსთვის 50%-ით ზრდის  და შესაძლოა,   მსგავი პროექტები  ერთად კიდევ განვახორციელოთ,“-  აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტმა. 

ოლემიკ ტომესენი საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ტომესენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შორის თანამშრომლობა 2004 წელს დაიწყო.  NORLAG-მა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად განახორციელა უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიცაა: ქალთა N 5 დაწესებულების ბიბლიოთეკის მოწყობა, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი პროგრამების შემუშავება,  გაიხსნა საგანმანათლებლო სახლები (პატიმართა რეაბილიტაციისა და პროფესიული განვითარების მიზნით) და დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლი ქალთა N 5 დაწესებულებაში.