დღეს, 26 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მედიასთან გამართული შეხვედრისას, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“ განცხადებას ავრცელებს:
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წარმომადგენლის თქმით „ 2014 წელს დამტკიცებული სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფოს სოციალურად დაუცველებისთვის უნდა შეეძინა ე. წ. „სეთ-თოფ ბოქსები“ და უზრუნველეყო მათი დამონტაჟება, თუმცა 2015 წელს სამუშაოები გაწერილი არ არის და ადგილობრივი მაუწყებლების აზრით, ეს მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის“
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო’ საქმიანობას მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს, ამასთან 2015 წლის სამოქმედო გეგმაც დეტალურადაა გაწერილი. ინფორმაცია არის საჯარო და ხელმისაწვდომი, თუმცა თემის მიმართ გამოხატული ინტერესის გამო კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ:
მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირების უზრუნველსაყოფად, სააგენტომ 2014 წლის 8 დეკემბერს კომპანია „კონკასთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის (რომელთა რაოდენობა 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით 210 858-ია), ქვეყანას სერთიფიცირებული „სეთ-თოფ ბოქსი“ მოეწოდება.
2015 წლის მაისში „სეთ-თოფ ბოქსები“ ხელმისაწვდომი იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით), ხოლო შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომლებიც ასევე არიან სოციალურად დაუცველთა რიცხვში, სახელმწიფო „სეთ-თოფ ბოქსების“ საცხოვრებელ ადგილზე მიტანას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება მონტაჟის თემას, „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებები მიმღები აპარატურის მონტაჟს არ ითვალისწინებს. „სეთ-თობ ბოქსის“ ტელევიზორთან მიერთება გახლავთ მარტივი პროცესი, რომელიც აღწერილია, როგორც სააგენტოს მიერ მომზადებულ ქართულ და უცხოენოვან საინფორმაციო ფლაერებსა და ვიდეორგოლებში, ასევე „სეთ-თოფ ბოქსების“ ინსტრუქციაში და სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.digitaltv.ge). ინფორმაცია აგრეთვე გაიცემა ცხელი ხაზის მეშვეობით (14 80) და 2015 წლის აპრილიდან პერიოდულად გამოქვეყნდება ბეჭდურ მედიაში.
შემჭიდროვებული ვადების მიუხედავად, პროცესები წარმატებით მიმდინარეობს და არსებული რეალობიდან გამომდინარე, რეფორმასთნ დაკავშირებული სამუშაოები დადგენილ ვადებში სრულდება.