საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების საქმეთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კუდრეთ ბულბულსა და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს და მუსულმანი მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილეს. მინისტრის განცხადებით, 2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამტკიცდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია“ და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. სტრატეგიის მიზანია დაბრუნების პროცესის გაადვილება და შემდგომი ადაპტაციის ხელშეწყობა.
კუდრეთ ბულბულის განცხადებით, მოხარულია რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია და თავის მხრივ, თურქული მხარე მზად არის როგორც ფინანსურად, ისე მორალურად ხელი შეუწყოს მუსულმანი მესხების ღირესეულ დაბრუნებას.