საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საერთაშორისო კონფერენციაში „დემოკრატიის არსი - საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" მონაწილეობა მიიღო.
ქვეყნის პირველმა პირმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ასეთი ღონისძიებები, როდესაც ერთად იკრიბება ბრწყინვალე მოაზროვნეები, რომ განიხილონ ქვეყნის, დემოკრატიისა და რეგიონის მომავალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის, იმ ძირითად კითხვებსა და გამოწვევებზე პასუხისათვის, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. დემოკრატიის განვითარება, საქართველოს უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რათა ჩვენმა ქვეყანამ განახორციელოს მისი განსაკუთრებული როლი რეგიონში, არის ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ყოველდღიურად.
საქართველო არის კარიბჭე აღმოსავლეთით მდებარე მრავალი სახელმწიფოსათვის - კავკასიის რეგიონის, კასპიის ზღვის აუზის და სხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. ჩვენ მათ ვაძლევთ მრავალმხრივ შესაძლებლობას, რომ დაუკავშირდნენ ევროპას, და ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკვე მრავალი საუკუნეა. ამავდროულად, ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გამოწვევები ბუნებრივია განვითარებადი საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის, რაც ასევე ხდება სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც. თუმცა საქართველოში ეს გამოწვევები არის უფრო დაძაბული, დრამატული და მეტ გავლენას ახდენს ქვეყნის, აქედან გამომდინარე რეგიონის მომავალზე.
მთავრობის, საზოგადოების განვითარება, თავისუფლებათა და სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებათა შორის ბალანსის ძიება და უფრო დინამიურ პროცესში ჩაბმა, არის ის რაზეც ყველა გამუდმებით ვფიქრობთ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, ვმონაწილეობთ ძალიან დინამიურ პოლიტიკურ პროცესებში და გვაქვს მუდმივი მსჯელობა, თუ როგორ განვავითაროთ ხელისუფლება და გავხადოთ ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას."
ორდღიანი კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით თბილისში უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის მიზანია ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება და მეორე მხრივ მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში.
ღონისძიების პირველ პანელში სახელმწიფოს მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონფერენციის მონაწილეებისათვის ოფიციალური მიღებაც გაიმართება.