25 მარტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სუიციდის პრევენციის თემაზე კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით ევროპის საბჭოს კასკადური ტრენინგი დაიწყო.
აღნიშნული სასწავლო კურსი სუიციდის პრევენციის პროგრამის წარმატებით განხორციელებას ემსახურება. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციისთვის აუცილებელია პოტენციური რისკის დროულად გამოვლენა, მისი შეფასება, დოკუმენტირება და მართვა, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კვალიფიციური კადრების კოორდინირებულ მუშაობაზე.
ტრენინგის პროგრამა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული პროგრამით ეტაპობრივად გადამზადდება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი და რეჟიმის თანამშრომელი (სულ 8 ჯგუფი). სუიციდის პრევენციის სასწავლო პროგრამა დატვირთულია პრაქტიკული სავარჯიშოებითა და კონკრეტული მაგალითებით, რაც მონაწილეებს სუიციდის პრევენციის ღონისძიებების, მართვის ტექნიკისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება. ტრენინგს სპეციალურად ამ პროგრამისთვის გადამზადებული ტრენერები წარუძღვებიან.
ტრენინგები ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ხელშეწყობით ჩატარდება.