საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზისუბნის დასახლებაში, დავით კვაჭანტირაძის ქუჩაზე, 11 დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კერძო მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილებს საკუთრებაში გადასცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ და ბინების საკუთრებაში გადაცემა მიულოცეს.
აღნიშნულ შენობაში, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა შენობას ამ დრომდე კერძო მესაკუთრე ჰყავდა, რის გამოც დევნილებისათვის ბინების დაკანონება შეუძლებელი იყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 11 დევნილი ოჯახისათვის ბინები შპს „აგრეგატი“-სგან 250 000 ლარად გამოისყიდა.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2014 წლის პირველი ნოემბრიდან დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2015 წლის სექტემბრამდე მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე უკვე 1095 დევნილი ოჯახი გახდა.