სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 25 თანამშრომელი 23 მარტიდან კოლორადოს შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში ტრენინგს გაივლის და ორი კვირის განმავლობაში კრიზისების მართვის კუთხით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენს.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება. ამაში აქტიურად გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომელმაც ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია და ჩვენი თანამშრომლების კოლორადოს შტატში სწავლება უზრუნველყო. ისინი შეისწავლიან კრიზისული სიტუაციების მართვას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ უსაფრთხოება და მაქსიმალურად მივუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2-წლიან პროექტს ახროციელებს.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში თანამედროვე სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.
აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 1 მილიონი დოლარი გამოყო, რომელიც კონგრესმა გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.