თიბისი ბანკი მიკრო და აგრობიზნესის დასახმარებლად ახალი სერვისებს შექმნის. ამ მიზნით ბანკი ითანამშრომლებს აგრო და მიკროფინანსების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ და, თიბისი ბანკის ექსპერტებთან ერთად შეისწავლიან საბანკო სერვისებისა და პროდუქტების შექმნა-დანერგვის შესაძლებლობას მიკრობიზნესის მწარმოებლებისთვის. სპეციალისტები საქმიანობას აპრილიდან დაიწყებენ.
თიბისი ბანკის ეს პროგრამა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან (REAP) თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.
აგრობიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისთვის შემუშავდება საბრუნავი საშუალებების - სათესლე და სარგავი მასალის, მცენარეთა დაცვის, სასუქების, ტექნიკის მომსახურების ხარჯები და ა.შ. დაფინანსების სქემა, პროდუქციის შემსყიდველ საწარმოებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე.
მიკრობიზნესის წარმომადგენლებს ბანკი ასევე შეთავაზებს სესხისა და დეპოზიტების კომბინირებულ პროდუქტს.
საცალო ვაჭრობის რგოლისთვის შეიქნება საკრედიტო ბარათი და/ან საკრედიტო ხაზი, მოკლე ვადით, სეზონურად პროდუქციის შეძენის დაფინანსების მიზნით.
აღნიშნული ტექნიკური დახმარება სრულად დაფინასდება USAID (REAP) პროექტის ფარგლებში. პროექტთან ბანკის თანამშრომლობა განსაზღვრულია 3 თვიანი ვადით.
„REAP-თან თანამშრომლობის შედეგად, თიბისი ბანკი შეძლებს, მიკრო და აგრო ბიზნესის მწარმოებლებისათვის, ასევე საცალო მოვაჭრეებისათვის მათზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას ისე, რომ მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის განვითარება და გაფართოება. თიბისი ბანკის ეს პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და მიკრობიზნესის განვითარებას საქართველოს რეგიონებში,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.