N15 დაწესებულების მსჯავრდებული მსოფლიო რეკორდსმენია

N15 დაწესებულების მსჯავრდებული მსოფლიო რეკორდსმენია

შეზღუდულ სივრცესა და შეზღუდულ შესაძლებლობას მნიშვნელობა არ აქვს, თუ არის სპორტული ჟინი და ჯანსაღი სულიკვეთება,- ასეთი იყო ღონისძიების ლაიტმოტივი, რომელიც  16 მარტს, ქსნის N 15 დაწესებულებაში გაიმართა.  რეკორდების ფედერაციამ მსჯავრდებულ კუკური სალბიშვილს რეკორდსმენობის დამადასტურებელი სერფიტიკატი გადასცა. პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსოფლიო რეკორდი ოთხჯერ დაამყარა, მათ შორის,  ცალი ხელის თითსა და ე.წ. ვაკასანას პოზით აზიდვაში.

N 15 დაწესებულებაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიო რეკორდსმენები.  ასევე, სპორტსმენები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მსოფლიო რეკორდების დამყარება შეძლეს.

„მიუხედავად სიძნელეებისა, ცხოვრება  გრძელდება, უნდა ვიბრძოლოთ. ასეთი  სულისკვეთების  მაგალითი გვაჩვენა  კუკური სალბიშვილმა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  რეკორდსმენი გახდა,“-აღნიშნა მსოფლიო რეკორდსმენმა თემურ დადიანმა. 

 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის თქმით, _ „ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მაქსიმალურად ხელს უწყობს მსჯავრდებულებს თავინთი  უნარების რეალიზებაში. ეს მათი რეაბილიტაციის და შესაბამისად, დანაშაულის პრევენციის მთავარი პირობაა“.

 დაწესებულებაში, ასევე, გაიმართა რეკორდსმენების შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება.