„სინათლის ქალაქსა“ და  ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„სინათლის ქალაქსა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„სინათლის ქალაქსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი „სინათლის ქალაქის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს. დოკუმენტის ხელმოწერას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ესწრებოდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს გარე განათების სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესების გზების ერთობლივ დასახვას; კომპანიის ინტერესების შესაბამისად, სპეციალისტების მომზადებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით; აგრეთვე პრობლემური ტექნიკური საკითხების გამოვლენა-გადაჭრას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

„სინათლის ქალაქის“ დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ სასწავლო პროცესის წარმართვისას „სინათლის ქალაქის“ ინტერესების გათვალისწინებით,  შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას. ხორავას განცხადებით, შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები „სინათლის ქალაქში“ დასაქმდებიან. 

„ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი დაეხმარება „სინათლის ქალაქს“ დროულად გამოავლინოს პრობლემური ტექნიკური საკითხები და მოიძიოს მათი გადაჭრის კიდევ უფრო ეფექტური გზები“- განაცხადა ვასილ ხორავამ.

ხორავას თქმით, მემორანდუმის თანახმად, ტექნიკურ უნივერსიტეტში, პერიოდულად მოხდება კომპანიის მუშაკთა გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.